ღარიბაშვილის საჩუქარი ცოლს - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია
რატომ გადაეცა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ბაკურიანის ტყის ნაწილი ნახევარი საუკუნით? - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილმა განმარტება ერთკვირიანი დუმილის შემდეგ გააკეთა. მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ პრემიერის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, გამოცხადებულ გამჭვირვალე ელექტრონული აუქციონში გაიმარჯვა მასში მონაწილეობა კი ყველას შეეძლო.
დავით ზაალიშვილი ირწმუნება, რომ ფიზიკურმა პირმა, თამაზაშვილმა მთელი რიგი ვალდებულებები, მათ შორის ტყის საფარის მოვლა/პატრონობის უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს.
კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტრონული აუქციონი იყო გამჭვირვალე და კანონიერი, მასში მონაწილეობა კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეძლო! მიუხედავად ამისა, ოპონენტები არ წყვეტენ აბსურდსა და ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს „ტყის მასივი აჩუქეს“. ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტებისთვის სრულიად გაუგებარია ღია და გამჭვირვალე ელექტრონული აუქციონების პრინციპი, რადგან მათ დროს ქონების დაუფლების ერთადერთი გზა ძალადობა, საკუთრების წართმევა, სხვა პირზე გადაფორმება, იძულება და რეკეტი იყო, თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს სახელით კეთდებოდა! მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, თქვენი უკანონო მეთოდების სხვისთვის გადაბრალებით ჩვენს ხალხს ვერ მოატყუებთ! ამიტომაც, მსურს მივმართო მათ, ვინც ცდილობს რომ ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებით კონკრეტული პოლიტიკური სარგებელი მიიღოს - არაფერი გამოგივათ და როგორი პროპაგანდისტული კამპანიაც არ უნდა აწარმოოთ, ჩვენს მოსახლეობას ვერ დააჯერებთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება ან ვინმეს ვაჩუქეთ, ან ვინმემ ძალით მიიტაცა! მიტაცება და წართმევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა! ამიტომაც რამდენიც არ უნდა იყვიროთ, სასურველ შედეგს უბრალოდ ვერ მიაღწევთ, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუკი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე უფლებით სარგებლობის როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ისე ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სხვა მოქალაქე!"- აცხადებს დავით ზაალიშვილი.
"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ, დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა. ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელებაა, ფაქტობრივად ეზოა. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის.