გამოვლენილია დარღვევები - შრომის ინსპექციამ ტყიბულის შახტის ის უბანი დახურა, სადაც აფეთქება მოხდა
შრომის ინსპექციამ ტყიბულის შახტის ის უბანი დახურა, სადაც აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ირკვევა, რომ სამსახურმა მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების მოკვლევა დაიწყო. უახლოეს პერიოდში მხარეები გამოიკითხებიან და ადგილის დათვალიერება მოხდება.
განცხადების მიხედვით, პირველადი მოკვლევით სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. ირკვევა, რომ "აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას"
გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.
პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში. დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა", - წერია განცხადებაში.
ტრაგედია შახტში გუშინ, 23:00 საათზე დატრიალდა, ამ დროს მეშახტეების ბრიგადა ქვანახშირის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებდა. ერთ-ერთი ვერსიით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა 8 კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ.