მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციონერი წევრის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რუსთავის მაგალითი, ისევე როგორც ჩხოროწყუს და წალენჯიხის, ცხადყოფს, რომ საერთო ძალისხმევით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია.
მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო.
ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება.
ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის., -წერს მიხეილ სააკაშვილი.