წალენჯიხის რეზოლუციებით გეოპოლიტიკას მსოფლიოში ვერ შევცვლით - "ოცნება" თავს იმართლებს

01.02.22 15:32
 წალენჯიხის რეზოლუციებით   გეოპოლიტიკას მსოფლიოში ვერ შევცვლით - "ოცნება" თავს იმართლებს

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის დამტკიცებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" თავის მართლება მოუწია. ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრებმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ისაუბრეს. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში რუსეთის ხსენების უგულებელყოფით მათ სწორი და გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს. 

გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები და რაღაცა აი, ამ „ურა პატრიოტული“ გამოხტომებით მიზანს რომ ვერ ვაღწევთ, წალენჯიხის რეზოლუციებით რომ გეოპოლიტიკას მსოფლიოში ვერ შევცვლით, მგონი მინიმუმ ეგ უნდა გავიაზროთ, - თქვა ბექა დავითულიანმა.

ამავე მოსაზრების გამყარებას შეეცადა მმართელი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძეც. 

მე-6, მე-7 კლასელი ბავშვები რომ გამოეკიდებიან ერთმანეთს რაღაც ტერმინებში... ამას ვაკეთებდით მე-6, მე-7 კლასებში. მართალი უნდა იყო შენ ყველა სიტყვაში და ყველა წინადადება უნდა გქონდეს გაზომილი, რომ არ დააზიანო ამ ორი ქვეყნის მეგობრობა, არ დააზიანო შენი ეროვნული ინტერესი და მშვიდობის და ომის არ დაშვების პოლიტიკიდან უნდა გამოხვიდე, - თქვა მდინარაძემ. 

საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციას განიხილავდნენ ცოტა ხნის წინ  დასრულდა.  "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტი ისე დაამტკიცა, რომ ოპოზიციის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა. 

ოპოზიცია სხდომაზე ალტერნატიული წინადადების დაყენებას ითხოვდა, რომელიც "ქართული ოცნების" რეზოლუციის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ მასში რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული.