რატომ არ იყო საქართველოს დროშა უკრაინის რადაში? - ზალკალიანის უწყების განმარტება
რატომ არ იყო საქართველოს დროშა უკრაინის რადაში? დავით ზალკალიანის უწყება განმარტებებს აკეთებს. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავეყრდნობით, რადაში მხოლოდ იმ ქვეყნების დროშები გამოფინეს, რომლებმაც ომის ზღვარზე მყოფ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
ზალკალიანის სამსახურში ირწმუნებიან, რომ თბილისს კიევთან ყოველდღიური კავშირი აქვს, ამას კი ადასტურებს სატელეფონო ზარები.
"რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იქნა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით.
ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან", - აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.