სად არის პრემიერი? - კანცელარია დუმს
მთავრობის ადმინისტრაცია არ პასუხობს "პირველების" კითხვას - სად არის ირაკლი ღარიბაშვილი? პრემიერის ადმინისტაციასთან შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ კოვიდდადებითი პრემიერი სამსახურში მაინც დადის და იზოლაციაში არ იმყოფება.
ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დისტანციურად საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჩართვის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი, თეთრი კაბინეტიდან ჩაერთო, სადაც ფონად საქართველოს გერბი კიდია. ეს ინტერიერი ზუსტად ჰგავს პრემიერის კაბინეტს.
ამას გარდა პირად საუბრებში მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები "პირველებს" ეუბნებიან, რომ პრემიერი სამსახურში დადის. იზოლაციის წესების დარღვევა კი დანაშაულია და ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს.
ჩვენი გადამღები ჯგუფი ღარიბაშვილის სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა ღარიბაშვილის სახლთან ტვ პირველის კამერას პრემიერის ავტომანქანა არ დახვდა.