"საჭიროა, პრობლემების აღიარება, მთავარი აქცენტი მომავალზე უნდა გაკეთდეს" - ორბელიანის სასახლეში შეხვედრა დაიწყო
ეროვნული თანხმობის პროცესი - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მესამე სექტორისა და ომბუდსმენის პოზიციებსაც მოისმენს. ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა 15:00 საათზე, ორბელიანის სასახლეში დაიწყო.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მის როლს ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ ეს ყოველივე დემოკრატიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, საჭიროა პრობლემების აღიარება:
ჩემი აზრით, ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ეს პროცესი, მათ შორის წარსულის შეფასება, მომავალზე კონცენტრირებას უნდა ემსახურებოდეს. ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეფასება კონკრეტულად როგორი სახელმწიფო უნდა გვქონდეს. ჩემი მანდატის ფატგლებში, მე ამ პროცესში საკუთარ ჩართულობას ვხედავ იმ შემთხვევაში თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია განიცდის"- თქვა სახალხო დამცველმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი, ეკა გოგაური "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ საჭიროა დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკოსები კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდნენ:
ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდნენ, რომ ეს სტაგნაცია და პრობლემები გადავჭრათ.
ამაზე ვესაუბრე პრეზიდენტს და მზად ვარ, ყველა იმ პროცესში ჩავერთო, სადაც იქნება ამ საკითხზე საუბარი, რადგან დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემს და 'საერთაშორისო გამჭვირვალობის" როლს ვხედავ იმ პროცესში, რომელიც დაეხმარება დღევანდელი კრიზისის გადალახვას"- თქვა ეკა გიგაურმა.