ვინ შეცვლის ლონდა თოლორაიას - პარლამენტში კანდიდატებს უსმენენ

11.02.22 11:28
ვინ შეცვლის ლონდა თოლორაიას - პარლამენტში კანდიდატებს უსმენენ

ვინ გახდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი - პარლამენტში პრემიერ ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ პირებს უსმენენ. კანდიდატები ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე არიან.

გასაუბრების პროცესს ოპოზიციის ნაწილი ეთიშება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ  "ქართული ოცნება" მაინც მისთვის სასურველ კანდიდატს აირჩევს და ეს ხელისუფლების ინტერესების გამტარი პირი იქნება.

პრემიერის მიერ  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილებს პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსანიც. შესაძლოა, ლონდა თოლორაია გახმაურებული საქმეების პროკურორმა კოკა კაციტაძემ შეცვალოს. 

ოპოზიციის ნაწილს, რომელიც სხდომას ესწრება, აინტერესებს, როგორ აპირებენ აღნიშნული კანდიდატები უსამართლო სისტემასთან შებრძოლებას. ხელისუფლების ოპონენტებს ასევე, აინტერესებთ, რატომ გაუჩნდათ აღნიშნულ კანდიდატებს სურვილი, გახდნენ იმ სამსახურის ხელმძღვანელები, რის გამოც, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება გააუქმა.

მესამე სექტორი, რომელიც ასევე, გასაუბრებას ესწრება, მიიჩნევს, რომ კანდიდატები, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტისთის იბრძვიან, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. 

საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით,  ხელისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას ჩანაცვლება მის მიმართ ლოალური პირებით  სურს. 

თუ ვინ დაიკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას, ცნობილი დღეს გახდება.