იმედი მაქვს, რომ პირველი მარტიდან გაზაფხულდება საქართველოში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელობის კანდიდატი
"იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება 1-ელი მარტიდან მთელ საქართველოში", - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე თქვა. ალფაიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კითხვები უწყებაში არსებულ გამოწვევებზე დაუსვეს. ალფაიძემ თქვა, რომ ის აპოლიტიკურია და პოლიტიკურ შეხედულებებს სტუდენტებთანაც არ აფიქსირებს.
იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა, იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებ მომავალში და გაზაფხულდება 1-ელი მარტიდან. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება 1-ელი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული, ჩვენ ქართველები ვართ", - თქვა თამარ ალფაიძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი. ჯანაშვილმა 7 ხმა მიიღო, ალფაიძემ კი - 2.