პოლიტიკური კრიზისი ზუგდიდში - გახარიას გუნდის შეთავაზება "ოცნებას"
გახარიას გუნდი "ქართულ ოცნებას" მიმართავს - პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ თუ მმართველი პარტია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის მათ კანდიდატს მხარს დაუჭერს, ისინი მნიშვნელოვან პოზიციებზე "ოცნების" კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.
ზუგდიდის საკრებულოში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, 2 თვეზე მეტია საკრებულო ვერ მუშაობს და ვერ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდელებს უბრალოდ ქურდულად მოპარა. საკრებულოს ვერ ფუნქციონირება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობასა და ზუგდიდელების ყოველდღიურობაზე.
თქვანთვის კარგად არის ცნობილი, გასულ კვირას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული მოვლენები, როდესაც „ოცნება“ უნიჭო არგუმენტებითა და „პროცედურული ომით“ ცდილობდა აეხსნა მუნიციპალიტეტის მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.
„ოცნების“ ლიდერების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობენ ისინი პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში.
ჩვენთვის არცერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის „ოცნება“.
ჩვენმა პარტიამ ღიად მოვუწოდეთ „ოცნების" წარმომადგენლებს დაესახელებინათ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა სენაკში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერდით ოღონდ ეს კრიზისი დასრულებულიყო. თუმცა, მათ შორის, „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს წყვეტენ და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი. პრინციპი, რომლითაც ვმოქმედებთ ყველა მუნიციპალიტეტთან მიმართებით არის ორი - ერთი - საკრებულოებში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და თანამდებობების ასე გადანაწილება და მუნიციპალური კრიზისის არდაშვება. ორივე პრინციპი „ოცნებისთვის“ არის მიუღებელი.
დღევანდელ სხდომაზე ჩვენი გუნდი ზუგდიდში დაასახელებს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და ღიად მოუწოდებს „ოცნებას“ მხარდაჭერისკენ. დღევანდელი სხდომა „ოცნებისთვის“ არის მორიგი ტესტი იმოქმედოს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ზუგდიდში მინიციპალური კრიზისს დაასრულების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის წევრზე მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უბრალოდ ადგილიდანაც კი არ იძვრის, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები „ოცნების“ მიმართ, რათა ისინი სრულფასოვნად იყვნენ წარმოდგენილები საკრებულოს საქმიანობის წარმართვაში, მხარს დავუჭერთ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს უმნიშვნელოვანეს, საკვანძო პოზიციებზე და ამ გზით მოხდეს ზუგდიდში მუნიციპალური კრიზისის დასრულება, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.