"პარლამენტის გარეთაც დავრჩები იდეალების ერთგული, არ შევწყვეტ ბრძოლას" - ბადრი ჯაფარიძე
"პარლამენტის გარეთაც დავრჩები იდეალების ერთგული" - ასე დაასრულა დეპუტატის რანგში ბოლო მიმართვა მეათე მოწვევის პარლამენტში ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, არ შეწყვეტენ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდეს:
მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდეს, პარლამენტის შიგნით, პარლამენტის გარეთ. ვერ გაგვტეხავს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. ეს ჩვენს სულისკვეთებას ვერ დააზიანებს, არ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. პირიქით, გამიძლიერებს მოტივაციას იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და ამ ქვეყნის დასაახლოებლად ევროპულ ოჯახში, სადაც არის მისი კუთვნილი ადგილი ოღონდ ჩვენ ამისთვის უნდა ვიშრომოთ და დიდი ღვაწლი გავწიოთ"- თქვა ჯაფარიძემ.
მისივე განცხადებით, "ჭაობში დარჩენა არ უნდა დავუშვათ".
კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო კეთილი სიტყვებისთვის და აღგითქვათ, რომ პარლამენტის გარეთ დავრჩები იმ იდეალების ერთგული, რომლის ერთგული ვარ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში მთელი ეს წლებია,“- განაცხადა ჯაფარიძემ.
"ლელოს" ლიდერმა 15 წუთიან სიტყვაში თქვა, რომ მას 30 წლის წინ, სახეწლმწიფო გადატრიალების შემდეგ შეუწყვიტეს მანდატი. დღეს კი ეს პულტების გამოყენებით ხდება:
ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება, ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამ შემთხვევაში ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები"- დასძინა პოლიტიკოსმა.