ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები სამტრედიის მერიაში - აუდიტის სკანდალური დასკვნა
ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, გაფლანგვა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საქმიანობის სკანდალური დასკვნა გაასაჯაროვა.
2020, 2019 ჩატარებული აუდიტის შედეგად შემუშავებუ დოკუმენტში ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარვეზებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა გამახვილებული.
მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 19.0% და 17.0% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი"- წერია აუდიტის დასკვნაში.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზებს რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, 1,244.6 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ირკვევა, ისიც რომ მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა. აღნიშნულის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო, დაახლოებით, 77.1 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაუსაბუთებლად მისცა პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 179.3 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
აუდიტი პირდაპირ წერს იმასაც, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები, შემოსავლების ადმინისტრირების კუთხით, სუსტია:
კერძოდ, მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან დროულად ვერ მიიღო 163.5 ათასი ლარის შემოსავალი; 2019-2020 წლებში იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა 287.0 ათასი ლარი შეადგინა.
აღმოჩნდა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებითაც ხარვეზებია. აუდიტმა დაასკვნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული მოსახლეობის ფინანსური დახმარების გაცემის წესი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.
პრობლემაა ჩაუტარებელი ინვენტარიზაციის კუთხითაც - ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
ვრცლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ აქ