პუტინის ბლეფმა და შანტაჟმა კრახი განიცადა - უკრაინელი დეპუტატი
"8 წელია, რუსეთთან ომის რეჟიმში ვართ, ამიტომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
დეპუტატი ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი შემოჭრა, რომლითაც პუტინი უკრაინას ემუქრებოდა, უახლოესი თვეების განმავლობაში არ იქნება.
ეს იყო პუტინის ბლეფი და შანტაჟი, რომელმაც სრული კრახი განიცადა. დასავლეთმა მას სათანადო პასუხი გასცა, გაერთიანდა უკრაინული საზოგადოება, ათასობით ადამიანი მოხალისედ ეწერება. ისინი მზად არიან იარაღით ხელში დაიცვან საკუთარი სამშობლო.
უკრაინაში შემოჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მას ახლა გაჰყავს ჯარები უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებიდან, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის ამით შეწყვეტს ზეწოლას უკრაინასა და საქართველოზე. ის შეეცდება, იპოვოს სუსტი წერტილი რომ თავდასხმა განახორციელოს"- თქვა დეპუტატმა.