გადაწყვეტილება მიღებულია - ენმ რუსთავში კანდიდატურას არ დააყენებს და ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება ცნობილია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. შესაბამისად, პარტია საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გაახმოვანა.
გუშინ ბადრი ჯაფარიძეს უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი. ეს იყო პოლიტიკური ქურდობა იმისთვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში ძლიერად ა იყოს წარმოდგენილი, არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები. ბრძოლის ეს ფაზა, მათ შორის შუალედური არჩევნები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან პრინციპულია.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას, ნაციონალური მოძრაობა რუსთავში კანდიდატს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს მას"- თქვა დეკანოიძემ.
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" სადებუტატო მანდატი მოუხსნა, ამბობს, რომ შუალედური არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება მნიშვნელოვანია.
მიმდინარე წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ. პარლამენტში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის შემდეგ დატოვა.
გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.