რუსთავში ენმ-ის წევრის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

06.04.21 20:02
რუსთავში ენმ-ის წევრის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

 რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრაში ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 აპრილს, ქ. რუსთავში, მეზობლებს ნ.ტ.-სა და გ.მ.-ს შორის საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ნ.ტ.-მ იძალადა გ.მ.-ზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც ბრალდებულმა გ.მ.-ს ფეხის არეში დანით დაზიანება მიაყენა.

ნ.ტ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) 126-ე (ძალადობა) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნ.ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი მღებრიშვილი, 4 აპრილს მისმა მეზობელმა დაჭრა.