ამ ინფორმაციას რატომ მალავთ? - ნოდარ მელაძე ხელისუფლებას

17.02.22 14:30
ამ ინფორმაციას რატომ მალავთ? - ნოდარ მელაძე ხელისუფლებას

საქართველოს პრემიერ მინისტრის უსაფრთხობის სამსახურის უფროსი, ზაზა  თოდუა, რომლის შესახებაც "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა გასულ კვირას რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, დააწინაურეს და კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანეს. 

ნოდარ მელაძე "ანა ახალაიას" დღის ამბებში სტუმრობისას ამბობს, რომ 5 დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უსვამენ კითხვას  - სად მუშაობს ზაზა თოდუა, თუმცა მარტივ კითხვაზე, რომლის გარკვევა კადრების სამსახზურში ერთი ზარის განხორციელებით არის შესაძლებელი, გომელაურის უწყებას არ აქვს პასუხი. 

ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანს არამარტო ოჯახის წევრები დაუსაქმეს, პრემიერ-მინისტრის პირადი მცველობიდან დააწინაურეს და საქართველოს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში გადაიყვანეს. აი ამ ინფორმაციას რატომ მალავენ?!  ეს არის პასუხი, როცა ჟურნალისტები ფაქტებს პოულობენ და იძიებენ, მათ სტანდარტული პასუხი აქვთ - " ეს სიმართლე არ არის", თუმცა დოკუმენტებით რომ დასტურდება ამას რა ქვია?!  ესე მოხდა პრემიერის მიერ ტყის გადაფორმებასთან დაკავშირებითაც, ფაქტმა მთელი ქართული ოცნება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, მერე კი ამის "გაპრავება" მოუწიათ" - თქვა ნოდარ მელაძემ. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა გასულ კვირას საქართველოს მთავრობის წევრების ნათესავებისა და ახლობლების საჯარო სამსახურებში დასაქმების შესახებ რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. 

რეპორტაჟიდან ირკვეოდა, რომ ღარიბაშვილის პირადი მცველის ძმა და მამა მერიამ დაასაქმა.