მუხთარლი საქართველოშია - ჟურნალისტის პირველი ინტერვიუ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდა, პირველ ინტერვიუს "ტვ პირველს" აძლევს.
მე აქ ჩამოვედი, რადგან მივცე ჩვენება ჩემი გატაცების საქმესთან დაკავშირებით, ასევე მინდა გავიგო, რა ხდებოდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, როცა გარეთ არ ვიყავი. ერთხელ უკვე მივეცი ჩვენება, როცა გერმანიაში ვიყავი. საქართველო არ არის დაინტერესებული, გამოიძიოს ჩემს მიმართ განხორციელებული დანაშაული"- აცხადებს ჟურნალისტი.
მუხთარლის თქმით, ქართველი მესაზღვრეები მას საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გადმოკვეთის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.
აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას 2020 წლის ოქტომბერში აპირებდა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან საზღვარზე არ გამოატარეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მისი თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. მუხთარლის 6 წელი მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.