შემუშავდეს რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობაზე - "ლელო" პარლამენტს

22.02.22 12:16
შემუშავდეს რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობაზე - "ლელო" პარლამენტს

ლელო გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაუყონებლივ შემუშავდეს რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე".

"რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას. დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით", - წერია პარტიის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.