არ აქვს მნიშვნელობა გააღიზიანებ თუ არ გააღიზიანებ, რუსეთს საკუთარი გეგმა აქვს - ხოშტარია
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში ხდება, რუსეთის სტრატეგიული გეგმის ნაწილია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა მოიმოქმედებ რამეს თუ არა, რუსეთი საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედებს.
რაც ხდება, ეს არის რუსული სტრატეგიული გეგმის და რაღაც ტაქტიკური ნაბიჯების მიხედვით განვითარებული მოვლენები. არ აქვს მნიშვნელობა უპასუხებ თუ არ უპასუხებ, გააღიზიანებ - არ გააღიზიანებ, ჩუმად მოიქცევი - ჩუმად არ მოიქცევი, რუსეთს აქვს საკუთარი გეგმა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს დანაწევრებას, სახელმწიფოობრიობის წართმევას. ის, რისი მტკიცებაც ჩვენ 2008 წელს გვიწევდა, დღეს გამოჩნდა, რომ აბსოლუტურად ანალოგიური ნაბიჯებით იქცევა რუსეთი. ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციებია ყველა იმ ახალ ინიციატივაზე უსაფრთხოების, რაც უკვე მაგიდაზე დევს. ეს არის ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინა. ასევე, ახალი ინიციატივებით შეგვიძლია გამოსვლა ბალტიის ქვეყნების ჩართვით, - ამბობს ხოშტარია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.