პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეგომანიაკია, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო სტაბილურობას - დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია ზუსტად უკრაინის მსგავსად მოახდინა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უნდა იაქტიუროს , რათა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის საკითხთან ერთად საქართველოს საკითხიც წამოწიოს.
საქართველოს ოკუპაცია მოხდა რუსეთის მიერ 2008 წელს ზუსტად ისე, როგორც ეს წუხელ პუტინმა მოახდინა, მაგრამ ჩვენ საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ძალიან პასიურ მოქმედებას. მათ შორის, ღარიბაშვილს ჰქონდა შანსი მიუნჰენში შეხვედროდა მსოფლიო ლიდერებს. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა და შანსი მან ვერ გამოიყენა, მაგრამ ახლა ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ საქართველოს საკითხი კვლავ წამოიწიოს უკრაინის საკითხთან მიმართებაში. პუტინმა კიდევ ერთხელ დეკლარირებულად თქვა, რომ იგი არის ეგომანიაკი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიო სტაბილურობას,- თქვა დეკანოიძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.