ბრძანება შესრულებულია - რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს თანხმობა მისცა, ჯარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოიყენოს

22.02.22 22:03
ბრძანება შესრულებულია - რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს თანხმობა მისცა, ჯარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოიყენოს

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატას, საზღვარგარეთ ჯარების გაყვანის მოთხოვნით მიმართა, მისი ბრძანება ფედერაციის საბჭომ მალევე გააფორმა.

შესაბამისი დადგენილება საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე დღეს ერთხმად 153 წევრის თანხმობით მიიღო. 

„ფედერაციის საბჭო ადგენს, რომ რუსეთის პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა, გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირების საერთო რიცხოვნობა, მათი მოქმედების რაიონი, მათ წინაშე მდგომი ამოცანები, რუსეთის ტერიტორიის მიღმა ყოფნის ვადები განისაზღვრება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად“, - ნათქვამია დადგენილებაში.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.