"პუტინის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა"- მიხეილ სააკაშვილი

24.02.22 12:48
"პუტინის მიზანია  უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას სასამართლო პროცესზე გამოპეხმაურა - "როცა მოდის დათვი შესაჭმელად, ბაბაიას ძახილი არ შველის" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე უკრაინის დროშით მივიდა: 

"ახლა მაინც ხომ დარწმუნდა ყველა, 2008 წელს სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი"- თქვა სააკაშვილმა. 

პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომლის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ზელენკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის! ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროგნოზით, საომარ მოქმედებებს "დიდძალი მსხვერპლი" მოყვება: 

თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ალბათ, მიიტაცებს გარკვეულ ტერიტორიას დროებით, მაგრამ ბოლოს და ბევრად უფრო მალე, ვიდრე გვგონია, ეს მიგვიყვანს რუსეთის იმპერიის ჩამოშლამდე და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს გაუქმებამდე. რუსეთმა გადაწყვიტა გაგვაუქმოს ჩვენ ყველა და გამოუცხადა ომი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო დასჯის მას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს დამთავრდება მათი გაუქმებით და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით"- დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინელები არასდროს დანებდებიან:

უკრაინელები არასდროს დავნებდებით. ამას ვამბობ, რადგან უკრაინის პასპორტი მაქვს და ჩემი ცხოვრების, თითქმის, 20 წელი ამ ქვეყანაში მაქვს გატარებული. არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.