მივმართავ უკრაინელ ხალხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია - გახარია

25.02.22 16:55
მივმართავ უკრაინელ ხალხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აკრიტიკებს და უკრაინელ ხალხს მიმართავს, რომ მისი განცხადება ქართველი ხალხის დამოკიდებულებას არ შეესაბამება. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა და უკრაინას მხარდაჭერა  გამოუცხადა. გახარიას თქმით, მსგავსი განცხადების გამო "ოცნება" პასუხს აგებს. 

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, ოკუპაცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ არის და დღესაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
25 თებერვალი არის დღე, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს! 
საუკუნის შემდეგაც, დღეს არის რეალობა, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ! 
მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს",
- წერია გახარიას  განცხადებაში.