დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? - ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში

28.02.22 12:31
დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? - ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატიმრობაში მყოფ ყოფილ მთავარსარდალს ისევ აკრიტიკებს - ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა მიხეილ სააკაშვილსა და წინა ხელისუფლების ლანძღვას დაუთმო. "სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ჯერ ომი თბილისში დაიწყებოდა და მერე კიევში"- აღნიშნა მან. 

ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლებამ 2008 წელს ომი ვერ აარიდა ხალხს.

კარგად მახსოვს, საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გმირები ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ, მთავრობს წევრები, მაშინდელი სააკაშვილის მეთაურობით, ხუმრობის ხასიათზე იყვნენ" - თქვა ღარიბაშვილმა. 

უკრაინის ომზე საუბრისას პრემიერმა თქვა ისიც, რომ ოპოზიციის ლიდერები გულანთებული ქართველის, პატრიოტის კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ:

ყველაფერში საკუთარ ანგარებას და საკუთარ ინტერესებს ხედავენ, ყველა უბედურებაში. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის. ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში"- დასძინა ღარიბაშვილმა. 

პრემიერი ასევე ამბობს, რომ "ოპოზიციის ნარატივის მიუხედავად, მხოლოდ ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელობს".

მე დღეს მაქვს პატივი, მაგრამ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენ, ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან მხოლოდ და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ და ჩვენი ხალხი უნდა დავიცვათ.

ჩემს მიმართვაში ვთქვი, რომ როგორც პრემიერი, არაფერს გავაკეთებ რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგება, არაფერს. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ. მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომელითაც ისინი სპეკულირებენ"- თქვა მან.