"ოცნება" საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე პასუხისმგებლობას იხსნის და მომხდარს ენმ-ს აბალებს
მმართველი პარტია უკან არ იხევს და აცხადებს, რომ სანქციებს არ შეუერთდება. ირაკლი კობახიძე ფრო შორს წავიდა და თქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების უკან, საქართველოდან ელჩი გაეწვიათ, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" და დავით არახამია დგანან. კობახიძის შფასებით, ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუმართლებელთან ერთად სრულიად ალოგიკურია". მან უკრაინის პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტის გატარებაში დაადანაშაულა:
უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდან კი, რომლებიც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი, ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი, თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვა. თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ქვეყნიდან არ გაუწვევია. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვა, თუმცა არც ეს გადაწყვეტილება გამხადარა ქვეყნებიდან უკრაინის მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი. ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ბუნებრივია თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს - ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩაბმულ ქვეყნების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან უერთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ"- განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს საქართველო საომარ ვითარებაში ჩაერთოს.
აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორცილდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც როგორც ყველასთვის ცნობილია მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც სააკაშვილმა გუშინ თავადაც თქვა, მისი "დაფრთიანებულია". უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად"- თქვა მან.