მოვუწოდებთ "ოცნებას", სასწრაფო წესით დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას - ლელო

03.03.22 15:50
 მოვუწოდებთ "ოცნებას", სასწრაფო წესით დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას - ლელო

პარტია ლელო ქართულ ოცნებას მოუწოდებს, უახლოეს ვადებში 19 აპრილის დოკუმენტის შესრულებას დაბრუნდეს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება დარჩება მხოლოდ დოკუმენტად, თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს არ დაუბრუნდება.

"ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების პროტესტის ფონზე, ქართული ოცნება იძულებული გახდა შეეტანა განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და  ეს მოხდა სერიოზული ზეწოლის ფონზე, როგორც ნათქვამია სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი დარჩება განცხადებად, მორიგ ტრიუკად, ფეიკად თუ ქართული ოცნება არ დაუბრუნდება 19 აპრილის დოკუმენტს, "საქართველოს გზამკვლევს", რომელსაც შემოკლებით ჰქვია შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმებია გაწერილი, რომლის გარეშეც უბრალიოდ, არც კი განიხილავენ არანაირ განაცხადს საქართველოდან.

პარტია ლელო იყო პირველი, ვინც შეუერთდა ამ დოკუმენტს და იგი არ გასულა ამ დოკუმენტიდან და ერთგული რჩება, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ ის განაცხადი, რომ არ დარჩეს კიდევ ერთი მოტყუება საზოგადოების, სასწრაფო წესით გააკეთოს განცხადება, რომ იგი უბრუნდება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას მოკლე ვადებში", - განაცხადა ხაზარაძემ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.