გაოცებული ვართ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებით - უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ომში მყოფი უკრაინის პირველ პირებზე განხორციელებულ იერიშზე ისაუბრა.
ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ გაოცებულები არიან ამ კომენტარებით, რომელიც მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო აკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს.
"გაოცებულები ვართ ქართველი პოლიტიკოსების ცალკეული განცხადებებით, რომლებიც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებთან აკავშირებენ. უკრაინა საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვისაც და მათ შორის ომი საქართველოსთვის. არავინ არ ეკითხება არავის, რომელი პარტიის ბილეთი აქვს რომელიმე ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას ნებისმიერი საშუალებით" - თქვა ანდრეი კასიანოვმა.
ირაკლი კობახიძემ უკრაინის ელჩის გაწვევა ენმ-ს დააბრალა. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მრავლად ჰყავს "წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში და პრეზიდენტის გარემოცვაში."