„დედა, არ ინერვიულო, კარგად ვარ“ - ექსკლუზიური კადრები და ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან

05.03.22 22:11
„დედა, არ ინერვიულო, კარგად ვარ“ - ექსკლუზიური კადრები და ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან

ქართველი მეომრების ექსკლუზიური კადრები უკრაინიდან - "ნოდარ მელაძის შაბათის" ფრონტის ხაზზე გადაღებულ ვიდე-მასალას ასაჯაროებს. 

ირკვევა, რომ ქართველ ჯარისკაცებს ახლა უკრაინაში განსაკუთრებული მისია აქვთ. კიევში, რომლის აღებაც პუტინის სანუკვარი ოცნებაა, რუსეთის პრეზიდენტის შეგზავნილ დივერსანტებს ეძებენ და აკავებენ. 

ქართველი მეომრები "ტვ პირველს" უყვებიან, რომ რუსული და ბელორუსული პასპორტის მქონე დივერსანტების განეიტრალება მთავარი ამოცანაა, ქუჩაში სამოქალაქო ტანსაცმელში ან უკრანული ჯარის უნიფორმაში გადაცმული დივერსანტები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეთ.

ლევან ფიფია ერთ-ერთია, ვინც ჩხრეკის ოპერაციას ატარებს. ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჰყავს შეყვანილი, რომლებიც საარტილერიო ცეცხლისთვის ნიშნავენ ადგილებს. ქართველი მეომრები აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოსაც ეხება.

"ეს ჩვენი ომია! თუ უკრაინა დამარცხდება დამარცხდება საქართველოც"- აცხადებენ ისინი.

ლევან ფიფიას ოჯახი აფხაზეთიდანაა, მისმა მშობლებმა ყველაზე კარგად იციან რას ნიშნავს რუსული სისასტიკე. 

ჩემი დილა იწყება აი ტელეფონიდან,  ღამე საშინელებაა ჩემთვის. დილას რომ ავდგები, ეგრევე ტელეფონს ვხსნი. როდის იყო ბოლოს შემოსული. თუ იყო ღამის 3-4 საათზე. ეი ლევანი ცოცხალი მყავს, ასეთი უიმედო დედა ვარ"- უთხრა "შაბათის ეთერს" ლევან ფიფიას დედამ. 

იზო ჩარგაზია  ამბობს, რომ მისი შვილი ფრონტის ხაზიდანაც ცდილობს დაამშვიდოს და ოჯახთან კომუნიკაციას შეძლებისდაგვარად ახერხებს.

ირკვევა, რომ ლევანი 2 წლინახევრის იყო, მისი და ხუთის, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, შვიდი თვე ოჩამჩირეში, სოფელ ჯალში სრულ ბლოკადაში იყვნენ. 

"საშიში მდგომარეობა გვქონდა. ყანაში ვაძინებდი ბავშვებს. ჩალას ვაფენდი ზევიდან. არაფერი გვქონდა. დილას სახლში ვბრუნდებოდით"- ამბობს ქართველი მეომრის დედა. 

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის კადრებმა, აფხაზეთი გაახსენა, იქაც ყველაფერი ასე იყო. 

"ძალიან ჰყავს ეს ყველაფერი იმას რაც გამოვიარეთ. სულ ვიყავით ჩემოდნებზე. სად მივდიოდით არ ვიცოდით. ეგრეა დღეს, საწყალი უკრაინა. ლევანი მომყავდა "კალიასკით", თეა ფეხით. ისეთი სიმწარე გამოიარეს. იყო ზამთარი,  თოვლი,  ორი დღე-ღამე მოვდიოდით 18 ადამიანი"- იხსენებს ლევანის დედა. 

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც უკრაინას იცავს, დათო ქუქჩიშვილია. მებრძოლი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ უკან დახევას არ აპირებენ და ქალაქს ბოლომდე დაიცავენ. 

"ქართველს უკან დახევა არ სჩვევია, და არც დავიხევთ სანამ შეგვეძლება. როცა ძალა გამოგველევა,  მერეზე მერე ვილაპარაკოთ. გაუძელით ყველამ"- ამბობს ის. 

ირაკლი ქურასბედიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პუტინი უკრაინას ტერორისტული წესებით ებრძვის. 

"დასახლებების დაბომბვა ისე მიდის როგორც წლების წინ ალეპოში, სირიაში. არავინ უყურებს სამშობიაროა თუ საბავშვო ბაღი"- აცხადებს მებრძოლი.

ქართველი ჯარისკაცების მშობლები, ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ შვილებზე არ ზრუნავს. 

"ღამეში 2 საათი თუ წავთვლიმე იქ ვარ, ძალიან ვნერვიულობ. ეს ერთი შვილი დამრჩა... ნუ ნერვიულობო,  იცის ჩემი ფორიაქა ხასიათი. მე ყველას შვილებისთვის ვლოცულობ"- ამბობს ქართველი მებრძოლის დედა, ანა მაღრაძე.