დავით არახამიას გზა - როგორ გადაიქცა ლტოლვილი ბავშვი გაგრიდან უკრაინული პოლიტიკის ვარსკვლავად

05.03.22 22:42
დავით არახამიას გზა - როგორ გადაიქცა ლტოლვილი ბავშვი გაგრიდან უკრაინული პოლიტიკის ვარსკვლავად

დავით არახამიას გზა - როგორ გადაიქცა ლტოლვილი ბავშვი გაგრიდან უკრაინული პოლიტიკის ვარსკვლავად - გაგრის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე დავით არახამიამ რუსული ომის გაკვეთილები, ჯერ კიდევ მშობლიურ გაგრაში ნახა. 12  წლის იყო, როდესაც რუსულმა ტანკებმა მის ქალაქს გადაუარა. მისი სკოლა თავდაყირა დააყენა და ზღვისპირა ქალაქში ცხოვრების უფლება წაართვეს. აფეთქებული შენობების დერეფანში ძლივს გამოიარეს.

ალა გვასალია დავით არახამიას ბებიაა. დედის დედა,  ბაბუა მიხეილ არახამია გაგრის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი იყო. ცნობილი ოჯახი გაგრიდან ომის ბოლო დღემდე ქალაქში დარჩა.  სკოლას არ ტოვებდა არახამიას ბაბუაც. მიხეილ არახამია სიკვდილს სასწაულით, აფხაზმა ექიმმა ვალენტინა ჩაჩბამ გადაარჩინა. ომის მძიმე დღეები დღეს  უკვე უკრაინული პოლიტიკის ქართველი მოთამაშისთვის უცხო არ არის. 12 წლის ბიჭის თვალწინ, რუსული ოკუპაციის მძიმე დღეებმა გაიარა.

ყველაფრის გარეშე დარჩენილი არახამიები, თბილისში აქ, ვანის ქუჩაზე ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში შეასახლეს და დავითმაც აქვე გააგრძელა სწავლა. ბნელ 90-იანებში, როდესაც ქვეყანაში სრული უპერსპექტივობა იყო დედამ დავითი საცხოვრებლად უკრაინაში გადაიყვანა. ასე დაიწყო რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ , დღეს უკვე ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, მმართველი პარტიის ქართველი ლიდერის ახალი ცხოვრება ნულიდან.  

დავით არახამიას გამზრდელი ბებია შვილის შვილს ახლა ტელევიზორიდან უყურებს. ხშირად ვერც რეკავს, იცის, რომ ომშია.  ომი არახამიასთვის უცხო არ არის.  

ჯერ რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი სახლიდან გამოაგდეს და დევნილად აქციეს, შემდეგ 2014 წელს  უკრაინაში, დონეცკის ოკუპაციამ მის თვალწინ გამოიარა, ახლა უკვე მესამე ომი.

დგას ომის ფრონტის ხაზზე.  ორი კვირის წინ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად დონეცკი მისადგომებთან ჩასული, ოკუპანტების თავდასხმის ობიექტი გახდა.

დგას დიპლომატიური მოლაპარაკებების წინა ხაზზეც.  ახლა  პასუხისმგებლობა  ცეცხლის შეწყვეტაზე მას აკისრია.

უკრაინული პოლიტიკის სათავეში მოხვედრა მისთვის მარტივი გზა არ ყოფილა . ერთმა დევნილმა ბიჭმა ცხოვრება სრულიად ნულიდან დაიწყო. ჯერ იყო სწავლა უკრაინაში, შემდეგ ევროპის ღია უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში და შემდეგ გზა დიდი ბიზნესისკენ. 2002 წელს არახამიამ   საერთაშორისო აიტი კომპანია "თემფელ მონსთერი" დააფუძნა.  ის დღეს უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრეს პოლიტიკოსად ითვლება. მისი ქონება 25 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები 2014 წლიდან გადადგა.  როდესაც უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ვალერეა გალეთეას მრჩეველი გახდა. აგროვებდა ფულს იმ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დონეცკის ოლქში იცავდნენ.  დიდი გარდატეხა მის ცხოვრებაში ზელენსკის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მოხდა, როდესაც სრულიად უკრაინული მედია აფეთქდა ამბით, რომ ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს საპარლამენტო უმრავლესობას, გაგრიდან დევნილი დავით არახამია უხელმძღვანელებს.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა მის ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. დღემდე ყველა საჯარო გამოსვლაში ჰყვება გაგრაზე, რომელიც იყო სამოთხე, რომელიც წაართვეს და საიდანაც გამოაგდეს.  

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ აფხაზეთიდან გაძევებული დავით არახამიასთვის, ეს მძიმე ისტორია თამაშის დასასრულად არ იქცა.  ბედმა ის უკრაინაში გადაისროლა.  პოლიტიკაში კონკრეტული დათქმით მოვიდა,  იქნება მხოლოდ 5 წელი, შემდეგ ბრუნდება ისევ აიტი ტექნოლოგიების ბიზნესში.

5 წლით უკრაინულ პოლიტიკაში მოსული ქართველისთვის ახლა რთული მისია დგას.  მის მეორე სამშობლოში რუსეთი შეიჭრა და ანადგურებს. ოკუპანტ ქვეყანასთან დავით არახამია ახლა პირისპირ მთავარი მომლაპარაკებელია. მან უნდა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შედეგს.

ორი მძიმე რაუნდის შემდეგ, წინ მესამეა. სამშობლოდან მხარდაჭერის ნაცვლად თავდასხმების სერიას იღებს.  ალბათ ახლა ელოდებოდა, რომ მისივე თანატოლი პოლიტიკოსები საქართველოს მმართველი გუნდიდან გვერდით დაუდგებოდნენ, თუმცა  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეების არჩევანი, დღეს ვლადიმერ პუტინის გვერდით დგომაა.