სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობა არ არსებობს - მმართველი გუნდი ოკუპანტი ქვეყნისგან საფრთხეებს ვერ ხედავს
"ქართული ოცნება" რუსეთიდან საფრთხეებს ვერ ხედავს და შესაბამისად, ვერც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მიიჩნევს მიზანშეწონილად. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედების აუცილებლობა არ არის, რადგან უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში სათანადოდ მუშაობს.
აუცილებელი წინაპირობა, რომ შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, არ არის. შემოღება ადვილია, რაღაცა პერიოდის შემდეგ გაუქმება უფრო რთულია. ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან არ არის გაზრდილი. მოსალოდნელი პროვოკაციების პრევენციებისთვის არსებობს მრავალი საშუალება, რომელსაც სპეცსამსახურები ფლობენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ოპოზიცია ითხოვს. ოპოზიციის ლიდერებმა ინიციატივა მას შემდეგ დააყენეს, რაც საქართველოში რუსეთიდან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ბიზნესებსაც ირეგისტრირებენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი რუსეთიდან ხალხის უწყვეტი ნაკადის შესაჩერებლად სავიზო რეჟიმის დაწესებაა.