ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს. ამის მიზეზი უკრაინის ომთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადება გახდა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებები წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესთან. მან უნდა დატოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის პოსტი. ჩვენ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიწყებთ პროცედურას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და თუ ემიჯნებიან თორნიკე რიჟვაძის პოზიციას, რომლის ზეწოლითაც მათ სამწუხაროდ ვერ შეძლეს ორი კვირის განმავლობაში დაინიცირებული რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას გულისხმობს, ეხლა მაინც ჩამოირეცხონ სირცხვილი და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ" - განაცხადა ენმ-ს დეპუტატებმა, გიორგი კირთაძემ.
"აჭარის უმაღლეს საბჭოში უნდობლობის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აქ, ამ რეგიონში არსებული ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ვიწყებთ ეროვნული თანხმობის და ეროვნული პეტიციის დოკუმენტის შექმნას, რომლითაც დაინიცირდება და გაძლიერდება თორნიკე რიჟვაძის გადაყენების პროცესი" - თქვა "ლელოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.
ჩვენი მიზანია, ,,ქართული ოცნების" დეპუტატებს, ადგილზე მყოფებს, შერცხვენილებს დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს დღეს აჭარის მოსახლეობის პოზიციას, მათ განცდებს, მათ სურვილებს უკრაინასთან თუ ჩვენს სამშობლოსთან მიმართებით", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა ,,ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, ომი უკრაინამ დაიწყო, თუ რუსეთმა, განაცხადა, რომ ამ საკითხზე "დარგის ექსპერტებს" უნდა მიმართონ. მეტიც, კრიტიკის შემდეგ კი რიჟვაძემ განაცხადა ისიც, რომ " იქით აქვს შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის ომი?"