მოქალაქეს რომელმაც ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიას ფართი არ მიაქირავა, თანხა შეუგროვეს
დავით სოლომონიძეს, რომელმაც ხულოში პრორუსულ, ჰომოფობიურ და ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი არ მიაქირავა, მოქალაქეებმა 3 430 ლარი შეუგროვეს. მამაკაცი აპირებს, რომ 1000 ლარი უკრაინელების დამხმარების ფონდში გადაურიცხოს.
„როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფართიდან გამეშვა ის ხალხი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს მუნიციპალიტეტში ვინმემ ვინმეზე იძალადოს და ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს.
გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად.
მივიღე გადაწყვეტილება, შემოსული თანხიდან 1000 ლარი გადავრიცხო უკრაინელების დახმარების ფონდში. მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და გთხოვთ, გამარკვიოთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ“, – წერს დავით სოლომონიძე.