ხელისუფლება სცოდავს - ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" ღიად აკრიტიკებს

14.03.22 12:38
ხელისუფლება სცოდავს - ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" ღიად აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას საპარლამენტო ტრიბუნიდან ღიად დაუპირისპირდა - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ღირსება გვკარნახობს. 

"უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე!"- ამბობს ზურაბიშვილი. 

უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების ნაცვლად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა, მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, საფრთხის შემცველია. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს. 

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები! - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი, ოპოზიციაც გახდა - "ივიწყებთ იმას რაც ასახულია ჩვენს გერბზე, რომ ძალა ერთობაშია". 

ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე, კინკლაობის ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე, რომ ძალა ერთობაშია. საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია - ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ყველას ერთად, თქვენი ხალხის წინაშე? - თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "საზოგადოება დეპუტატებზე  ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი".

"დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.