პრეზიდენტი "ოცნების" სამიზნე ხდება - დაიწყებს თუ არა უმრავლესობა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას?
დაიწყებს თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას? - სალომე ზურაბიშვილს ღარიბაშვილის გუნდი დაუმორჩილებლობას ედავება.
ღარიბაშვილის გუნდი მთავარსარდალს მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს და რუსეთ-უკრაინის ომის დროს გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვერ პატიობს. პრემიერი ისე გაბრაზდა, რომ პარლამენტის დარბაზში პრეზიდენტს ზურგი აქცია და არ მიიესალმა.
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე ალაპარაკდა.
მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა, წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. წინასწარ შეუტყობინებლად, პარლამენტისაგან დამოუკიდებლად რაღაცეების კეთება, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ალუდა ღუდუშაური, ირაკლი კობახიძის მსგავსად, ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტების შესწავლას დაიწყებენ:
ფაქტები და ის გარემოებები, რაც მან დაასახელა, ამას ნამდვილად სჭირდება მოკვლევა და ეს ასეც მოხდება. თუ ეს მართლაც სიმართლეა, რაც მან ბრძანა, ასეთ შემთხვევაში, საქმე კონსტიტუციის დარღვევასთან გვაქვს. რეაგირება მოყვება"- თქვა დეპუტატმა.
"სიტყვა „იმპიჩმენტი" არავითარ კავშირში არ არის არც პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლასთან და არც არავის გეგმებთან"- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილ პირადი ვიზიტით წავიდა ევროპაში, პირადი ვიზიტის უფლება კი აქვს.
ქადაგიშვილი იქვე ამბობს, რომ საჭიროა ნებისმიერი საკითხი კონსტიტუციის ფარგლებში გადაწყდეს.
ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ევროპაში ვიზიტზე უარი უთხრეს და მან საკუთარი კონტაქტები გამოიყენა.