"ოცნების" კიდევ ერთი დიპლომატიური კრახი - ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული კვლევა გამოაქვეყნა
ადამიანის უფლებები, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, პოლიტიკური ლიდერების დაკავებები, პოლიტიზირებული სასმართლო, გამოუძიებელი საქმეები და ძალადობა ჟურნალისტებზე - ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული კვლევა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ევროინტერგაციას აფერხებს. მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რაც საქართველომ იკისრა, ქვეყანამ უკან დაიხია.
მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დაკარგეს საკუთარი არსი, მმართველმა კოალიციამ კი კიდევ უფრო მეტად გაზარდა საკუთარი ძალაუფლება და მეტად შეზღუდა სივრცე განსხვავებული აზრისთვის" - წერია კვლევაში.
დოკუმენტის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. "ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულება გაცილებით უფრო რთული გახდა პოლიტიკური ჩარევებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ძალადობის გამო" - ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევაში მოხვდა ოპოზიციის ლიდერების მიმართ პოლიტიკური დევნის საკითხი, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები და ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება.
მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, ამის მაგალითია ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება". - წერია კვლევაში.
დოკუმენტში მოხვდა ღარიბაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.
საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნების შესრულებას უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. დადებითად ფასდება თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა, საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა" - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც კრიტიკულად არის მოხსენიებული საქართველოში მართლმსაჯულების საკითხიც.
კრიტიკულ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან განვითარებული მოვლენები ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
ასეთი მაგალითია მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის შეუსრულებლობა და ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ",- წერია დოკუმენტში.
ამასთან, კვლევის ავტორების შეფასებით, ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, ხოლო მაღალი დონის კორუფციის ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევად რჩება".
რაც შეეხება ქალთა უფლებებს, შრომის კოდექსსა და სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სერიოზულ პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევა.
2020-2012 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურებში გაუმჯობესდა სიტუაცია გენდერული თანასწორობის მხრივ. მოსალოდნელია შრომითი უფლებების გაუმჯობესებაც შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, თუმცა, კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევა და მათ მიმართ დისკრიმინაცია".
აღსანიშნავია, რომ დადებითადაა შეფასებული საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების საკითხი.
დოკუმენტის ავტორები არიან სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლორ დელკური და ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის თანამშრომლები – ჰანა აჰამად მადატალი და ტალანდერ იანსენი.