მზადება 15 მაისის აქციისთვის - ოპოზიცია უკვე რეგიონებშია

15.04.21 11:26
მზადება 15 მაისის აქციისთვის - ოპოზიცია უკვე რეგიონებშია

ოპოზიცია უკვე რეგიონებშია. პირველი გაჩერება კახეთია. ოპოზიციონერი ლიდერების მიზანი 15 მაისის აქციისთვის მოსახლეობის მობილიზებაა. „ოცნების" კონკურენტები ამბობენ, რომ ამომრჩეველს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის  საკუთარ გეგმას გააცნობენ  და მათ პრობლემებს მოისმენენ.

მთელი საქართელოს მასშტაბით დღეს კახეთი იქნება, ხვალ სხვა რეგიონი. ჩვენ , პირველ რიგში,  უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს, ადამიანებს, რომლებსაც ბრაზი აქვთ, რომ ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, მიდის უკან. ჩვენ ვემზადებით 15 მაისისთვის, როგორც შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის მოვიდეს და თავისი ბრაზი გამოხატოს, - ამბობს გიგი უგულავა.

„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, ანზორ ბიწაძის, თქმით, ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის რაც შეიძლება, მეტი ადამიანის მობილიზებას შეეცდება. 

პირველ რიგში, შევხვდებით ჩვენ მხარდამჭერებს, რომ ისინი მეტად კოორდინირებულები იყვნენ, იმისთვის, რომ 15 მაისის ორგანიზება მოხდეს კარგად და იყოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, - ამბობს ბიწაძე.

ოპოზიციის ლიდერებს დღის წესრიგი უკვე გაწერილი აქვთ. პირველ რიგში, ისინი  საკუთარ ამომრჩეველს შეხვდებიან, შემდეგ მოივლიან თელავის ქუჩებს, მივლენ ბაზარშიც, სადაც   საზოგაოდების პრეტენზიებს და მოსაზრებებს მოისმენენ. 

"შევიკრიბოთ შევცვალოთ, შევიკრიბოთ - გავიშვათ!" -  ამ სლოგანით გაერთიანებული ოპოზიცია 15 მაისამდე ჩასვლას სხვა და სხვა რეგიონებში გეგმავს.
 

მსგავსი სიახლეები