ვინ მიდის პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე - ოპოზიციაში აზრი გაიყო
პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს პროევროპული აქციის დაანონსების შემდეგ ოპოზიციაში აზრი ორად გაიყო. ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილს ერის გახლეჩვის მცდელობაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სწორედ ამას ცხადყოფს 20 ივნისს უკვე დაგეგმილი აქციის პარალელურად პრეზიდენტის მიერ ახალი აქციის დაანონსება.
პარტია „საქართველოსთის“ წევრი, ანა ბუჩუკური, კი ამბობს, რომ მათი გუნდი არც ერთ აქციას არ დაესწრება.
არც ერთ აქციას არ ვუერთდებით, გაკვირვებული ვარ, ქალბატონმა პრეზიდენტმა რატომ დაასახელა კიდევ ერთი აქცია, რატომ დააანონსა როგორც ერთგვარი გამოსავალი. იმის ნაცვლად, რომ ყველანი ორიენტირებული ვიყოთ, რომ როგორ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები და განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, რომ არ დარჩეს და არ აღმოჩნდეს საქართველო იზოლირებული ტრიოს კონტექსტში და შესაბამისად, იზოლირებული და მარტო არ აღმოჩნდეს ოკუპანტ რუსეთთან, ამის ნაცვლად მთელი ყურადღება ახლა გადმოტანილია აქციებზე, - ამბობს ბუჩუკური.
"გორჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი კი პრეზიდენტის მიერ დაანოსნებულ აქციაზე მისვლას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამაზე პარტიის შგნით უნდა იმსჯელონ.
ვიხრები უფრო იმისკენ, რომ მივიდე, მაგრამ არ ვიცი... მინდა, რომ დავილაპარაკო, მათ შორის, პარტიის შიგნით, იმიტომ, რომ ვიცი, ამასთან დაკავშირებით აზრები გაყოფილი იქნება. მე არ მჯერა, რომ მაგ აქციას რამე შედეგი ექნება. ზოგადად, არ მჯერა, რომ რომელიმე აქცია რამე გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას მოახდენს. მგონია, რომ გადაწყვეტილება უკვე ვიღაცეების თავში მიღებულია, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
აქციაზე მისვლას არც "სტრატეგია აღმაშენებელი" გამორიცხავს.
16 ივნისის აქციას რაც შეეხება, ამაზე არ გვიმსჯელია, ამაზე გვექნება მსჯელობა პარტიაშიც, სხვა პარტიებთანაც და მივიღებთ გადაწყეტილებას, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.