პრეზიდენტს რაღაც საკითხებში ვეთანხმები, თუმცა მასთან კითხვები მაქვს - ნინო ლომჯარია

15.06.22 14:18
პრეზიდენტს რაღაც საკითხებში ვეთანხმები, თუმცა მასთან კითხვები მაქვს - ნინო ლომჯარია

იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები, თუმცა მასთან მეც მაქვს შეკითხვები - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას. 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სამართლიანია საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თუმცა, ომბუდსმენს კითხვები აქვს მასთან ნიკა გვარამიას შეწყალებისა და პრეზიდენტის დისკრეციის ბოლომდე აღსრულებასთან დაკავშირებით.

 იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს. მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმებისა და შეუსრულებელი ვალდებულების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის წინაშე.

თუმცა, მეორე მხრივ, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, რადგან თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იყო გაუმართლებელი, მას შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო. როგორც იცით მას შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც, ამიტომ, რატომღაც მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს. 

მაქვს მასთანაც კითხვები, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა, რისი მანდატიც აქვს, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გუშინ, 14 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით.

მსგავსი სიახლეები