რეფორმები, რეფორმები და მხოლოდ რეფორმები - გახარიას პარტიის მოწოდება ხელისუფლებას
რეფორმები, რეფორმები და მხოლოდ რეფორმები- პარტიის ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ კავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობა განუსაზღვრა.
ექსპრემიერ გახარიას გუნდის წევრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამიტომაც აუცილებელია რეფორმები.
მსურს, დავაფიქსირო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ დარჩენილ მცირე დროში საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ - რეფორმები, რეფორმები და მხოლოდ რეფორმები!
ფაქტია, რომ ხელისუფლების ბოლო დროინდელმა პოლიტიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი. იმის მიუხედავად, ვის რა მიზანი ამოძრავებდა, აქციების თარიღებზე მსჯელობის დრომ საზოგადოების გახლეჩვა გამოიწვია.
აქციები მნიშვნელოვანია მოქალაქეთა პოზიციის გამოსახატავად. ჩვენს ამომრჩევლებს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვთ.
ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ აქციები არ არის საკმარისი და ეს კარგად იცის მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა.
მიუღებელია ევროპული პერსპექტივის გადარჩენის მიზნის გადატანა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც არეაერთხელ დაუმტკიცეს ევროპას, რომ ის საქართველოს მოქალაქეების არჩევანია.
ევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს- ხელისუფლებამ გამოხატოს დემოკრატიული რეფორმების გატარების მზაობა და პოლიტიკური ნება.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ,,ოცნებას" გონს მოეგონ და დაუყონებლივ აიღონ პოლიტიკური ვალდებულება რეფორმებზე, ისეთ რეფორმებზე, რომელიც უზრუნველყოფს 2024 წელს არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას, ხოლო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების რეალურ განაწილებას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და საბოლოო ჯამში მოახდენს ავტორიტარიზმის პრევენციას.
ეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გადაარჩენს. - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.