ნეპოტიზმი თავდაცვის სამინისტროში - ბურჭულაძის მოადგილის შვილისთვის აშშ-ის საელჩოში შტატი დაამატეს
ნეპოტიზმი თავდაცვის სამინისტროში - სპეციალურად ჯუანშერ ბურჭულაძის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის, შვილისთვის უწყებამ ამერიკაში კიდევ ერთი ატაშის პოსტი დაუშვა.
ამერიკაში საქართველოს საელჩოს რიგით მეოთხე სამხედრო ატაშედ ვახტანგ ჩიქოვანი გაამწესეს, რომლის ოთხწლიანი ცხოვრების ხარჯები ამერიკაში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაიფარება. ამას ემატება მაღალი ხელფასიც.
,,პირველების" ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანს თავდაცვის სფეროს მიმართულებით გამოცდილება არ გააჩნია. ის მანამდე სუს-ში იყო დასაქმებული და გავრცელებული ინფორმაციით, აქაც დედის გავლენებით მოხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეერთებულ შტატებში 3 სამხედრო წარმომადგენელი ჰყავს, რომლის შენახვაც უწყებას 3 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
მინისტრის მოადგილის შვილი ახლა პენტაგონიდან დიპლომატის აკრედიტაციას ელოდება. ამისთვის კი მინიმუმ სამხედრო წოდებაა საჭირო, რაც მას ასევე არ აქვს.
თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დადანაშულებული მინისტრის მოადგილე სკანდალში 2 წლის წინაც გაეხვა. ლელა ჩიქოვანის შვილის სახელზე მაშინ აღმოჩნდა რამდენიმე ბინა, რომელიც ხალხს ბანკმა გადაუხდელი კრედიტის გამო წაართვა.