„მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“ - პრეზიდენტი

17.06.22 11:20
„მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“ - პრეზიდენტი

მსოფლიოს ლიდერი ქალები თბილისში - სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, საქართველო, ქალთა ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრეზიდენტმა გახსნა. 

„მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიაში ქალების როლზე ისაუბრა. 

ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალი გვყავს. სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს სამწუხაროდ, გახლავთ ახალი ფენომენი. როგორც მოგეხსენებათ, მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი მათგანი ქალია, რომელიც თავის ოჯახს სხვადასხვა ქვეყნებიდან არჩენს. მათი წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია. ქალები მრავალ დარგში არიან წარმოდგენილები - ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა, ასევე საგანმანათლებლო სფერო. ისინი შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში პოლარიზაციის, სიძულვილის ენის და სხვადასხვა სირთულეების გამო - უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ეს არის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში. ქალები არიან იმ 85%-ში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ გზას. ისინი არიან მოტივირებულები და აქტიურად აჟღერებენ თავიანთ მოსაზრებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა, განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ცნობისთვის, ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ,,ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ იმართება.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მარგარეტა სედერფელდი, პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილე მალგოჟატა გოშიევსკა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი.

კონფერენცია ტარდება გლობალური გამოწვევების უმნიშვნელოვანეს პერიოდში და აჟღერებს უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მესიჯს. კონფერენციაზე ასევე გამახვილდება ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში ქალების, როგორც დიალოგის ხიდის შემქმნელთა, როლზე.
 

მსგავსი სიახლეები