ეტყობა, აქციის ორგანიზების დრო არ ჰქონდა - დავითულიანი პრეზიდენტზე

17.06.22 12:11
ეტყობა, აქციის ორგანიზების დრო არ ჰქონდა - დავითულიანი პრეზიდენტზე

მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი, საქართველოს პრეზიდენტს პროევროპული აქციის ცუდად ორგანიზების გამო აკრიტიკებს. "ქართული ოცნების" წევრის თქმით, აქციაზე ხალხის სიმცირემ ევროპას  ქართველი ხალხის ნებასთან დაკავშირებით შესაძლოა, კითხვები გაუჩინოს. 

სანამ ჩატარდებოდა რომელიმე აქცია, „ქართული ოცნების“ პოზიცია იყო, რომ ამ პირობებში, როდესაც 80% მოსახლეობის ემხრობა ევროკავშირში ინტეგრაციას, ცუდად ორგანიზებული,  ან დროის უქონლობის გამო ვერ ორგანიზებული აქციის ჩატარება, ატარებს მაღალ რისკს, იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, რომ დავანახოთ ჩვენი ხალხის ნება-სურვილი ევროპას, ისე არ აღმოჩნდეს, რომ სულ 300 კაცი ითხოვს ამას და ის, რომ მაკონსოლიდირებელი ყოფილიყო, მთელი ქვეყნის ერთიანობა ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, ეს მოხდა უბრალოდ იმიტომ, რომ ორგანიზების დრო ეტყობა არ ჰქონდა და იყო ცოტა ადამიანი, - ამბობს დავითულიანი. 

შეგახსენებთ, რომ  თავდაპირველად პროევროპული აქცია 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს. ამის შემდეგ კი იგივე შინაარსის კიდევ ერთი აქცია პრეზიდენტმა 16 ივნისს დაგეგმა, თუმცა აქცია ხალხის სიმრავლით არ გამოირჩეოდა. ამის მიუხედავად, ევროპის მოედანზე დიპლომატიური კორპუსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც მივიდნენ.

პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას ოპოზიციის დიდი ნაწილი და "ქართული ოცნება" არ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები