"ღარიბაშვილმა პირობა არ შეასრულა" - მალგოჟატა გოშიევსკა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს. როგორც მალგოჟატა გოშიევსკამ "ვივამედთან" განაცხადა, პრემიერმა ღარიბაშვილმა მისთვის მიცემული პირობა დაარღვია.
მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, - თქვა პოლონელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია და ეს არის მეორე შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება საპატიმროში.
მაღალჩინოსანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპული დემოკრატიის პრინციპებში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დასჯა არ ხდება.
მალგოჟატა გოშიევსკა ამბობს, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის მსგავსად, მეოთხე პრეზიდენტსაც ებრძვის, რომელსაც "ჩამოართვეს შეღავათები და დაცვა".
ნორმები არამხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც ჩამოართვეს დაცვა და ის შეღავათები, რომელიც კანონის წესით ეკუთვნოდა. როგორ შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში, მითუმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი?“, - აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.
გოშიევსკამ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების არდაშვება "ბარბაროსობაა".
მან აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის ჰუმანიტარული მიზნებისთვის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი გაიყვანოს, თუმცა "ერთი ოლიგარქის სურვილის გამო, ყოფილი პრეზიდენტი იღუპება".
პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება არის ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე სააკაშვილის მიღების თანხმობა და მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი“, - თქვა მან.