ისტორიულ შესაძლებლობას ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა - დიპლომატების მკაცრი მესიჯი "ოცნებას"
დიპლომატების მკაცრი მესიჯი ხელისუფლებას - სხვადასვხა თაობის რვა კარიერულმა დიპლომატმა ხელი საგანგებო განცხადებას მოაწერა. დიდი გამოცდილების და კონტაქტების მქონე ელჩები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ დიპლომატები გაანეიტრალაა, ქვეყნის ისტორიულ მომენტს კი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
ქართული დიპლომატია იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედების საშუალება მიეცემა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
სამწუხაროდ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გუშინ 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ სრულად გაიზიარა ევრკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს მომავალში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები;
- ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანსა წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.
- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის ამოსავალ წერტილსა და უმთავრეს ამოცანას წარმოდგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია;
- უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიური მუშაობისა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა.
- სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა: უზრუნველყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვსი უკეთესი შედეგის მიღწევა.
- მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლით დაკისრებული ვალდებულების თანახმად მიიღოს ყველა ზომა „ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ყველა იმ ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას.
დიპლომატები დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო პროტესტს შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ ასოცირებულ ტრიოსთან მიმართებაში ოფიციალური გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი სტატუსის გარეშე დარჩა.
ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.