"აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას" - "დროა" სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს უერთდება
პარტია "დროა" სახალხო მოძრაობის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს უერთდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების და ასევე, ქვეყნის შიგნით არსებული წინააღმდეგობის ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანას დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ აუცილებლად წაიყვანს.
დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი, მოთხოვნა ხელისუფლების, მთავრობის გადადგომის. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. ამას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა და ასევე, რა თქმა უნდა ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. ეს არის მკაფიო გეგმა. ეს ორი პროცესი - გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის სანქცირება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის, შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ახალი სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირას აძლევს, რომ გადააყენოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
აქციაზე "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა