სკანდალი: მთავრობა აღიარებს, რომ ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემი შევიდა
ქვეყანაში ახალმა სკანდალმა იფეთქა - საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, სანქცირებული ნავთობითაა სავსე.
ირაკლი ღარიბაშვილის გუნდმა მომხდარი მას შემდეგ აღიარა, რაც უკრაინის საპარლამენტო უმრაველესობის ლიდერმა დავით არახამიამ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და "ქართული ოცნების" მხილება დაანონსა.
ვიცე-პრემიერი თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ საბაჟო უწყებები გემიდან სანქცირებული ტვირთის გადმოტვირთვის უფლებას არ გასცემენ.
დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ხო, კონტრაქტით და შესაბამისად, მიღებული ტვირთით ეს ფაქტია და ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ და საქართველოში არცერთი სანქციები ან გვერდის ავლის ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი დავით არახამიას ბრალდებებს შეურაცხმყოფელს უწოდებს და მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.
რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რომელიც არაერთი მანამდეც მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, წინა შემთხვევებში, განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული ფატქებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ერთი და მეორეც, შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში. ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, სხვებზეც ვერ ვივარაუდებ, მე პირადად არ გამაჩნია უცხოელ ბანკებთან, - თქვა ვიცე-პრემიერმა.
უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ქართული ოცნების" მხილებას აანონსებს. დავით არახამია ისევ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და იმ ქართველი მინისტრების და დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებაზე საუბრობს, რომლებზეც საეჭვო ფული ბრუნავს.
სკანდალური განცხადება დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე გაავრცელა.