პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული - კალაძე ევროსაბჭოს დასკვნაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის რიტორიკას დედაქალაქის მერიც იმეორებს. კახა კალაძის თქმით, რთული სათქმელია რამდენი ხანი დასჭირდება ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა აუცილებელი რეფორმები უნდა გატარდეს.
დედაქალაქის მერი ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, თუმცა ევროსაბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
რთულია თქვა, რამდენი ხანი დასჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავარი არის ჩვენ ის რეფორმები განვახორციელოთ, რომელიც დათქმებში იყო მოწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, სადაც მთელი რიგი ვალდებულებებია და ეს ყველაფერი გასაკეთებელია და რა თქმა უნდა, შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია ევროპაზე, ისევე, როგორც, მაგალითად, დღეს საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გულდასაწყვეტია, იმიტომ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, უნდა გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება და დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილებებიც იქნება, - თქვა კალაძემ.