ხელიდან გაშვებული ევროინტეგრაციის შანსი - ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

28.06.22 17:01
ხელიდან გაშვებული ევროინტეგრაციის შანსი -  ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა და ხელიდან გაშვებული ევროინტეგრაციის შანსი -  საქართველოში აკრედიტებულ  დიპლომატიურ  კორპუსს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხვდება. საგანგებო შეხვედრა  ცოტა ხნის წინ დაიწყო.

დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ პირისპირ აუხსნის, რატომ დადგა დღის წესრიგში მოქმედი პრემიერის გადადგომის მოთხოვნა და როგორ გააშვებინა "ოცნებამ" ხალხს ხელიდან ევროინტეგრაციის შანსი. 

დიპლომატებთან საუბრის მთავარი თემა ასევე, 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციაც იქნება.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მოწვევით ვესწრებით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლის მიზანიც არის საქართველოს მეგობრებთან ერთად ყველა იმ პოტენციური სცენარის და ყველა იმ ვითარების განხილვა, რაც ახლა არის ქვეყანაში შექმნილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე გზაგასაყარზე, როდესაც წყდება ჩვენი ისტორიული მისიის ბედი თუ რამენად შეძლებს ქართველი ხალხი თავისი გეოპოლიტიკური არჩევანის განხორციელებას, ამიტომაც ახლა, ჩვენს პარტნიორებთან, სხვადასხვა სახელმწიფოების ელჩებთან, როგორც ექსპერტებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად განვიხილავთ ყველა ამ სცენარს და რასაკვირველია, ასევე, ვისაუბრებთ იმაზე თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი არ დაზარალდეს, - თქვა შეხვედრაზე შესვლამდე "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ. 

 დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალები ცნობილი მისი დასრულების შემდეგ გახდება. 

მსგავსი სიახლეები