დავითულიანი ადასტურებს, რომ "ოცნებიდან" წასული დეპუტატების სათქმელი საგარეო პოლიტიკას ეხება
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების ტრიო კამპანიის დაწყებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით აპირებს.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, სათქმელს ამბოხით წასული დეპუტატები თავად იტყვიან.
რა არის ისეთი სათქმელი, ამას ისინი გვეტყვიან, თორემ მე რასაც მინდა, ყველაფერს ვამბობ. მათ თქვეს, რომ მათთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მაღალი რისკების ფონზე, რომელიც მსოფლიოში და ჩვენს კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში ტრიალებს, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან ამ კონიუქტურით შეზღუდულები არ იყვნენ. რას იტყვიან, ამას ვნახავთ. საგარეო პოლიტიკას ეხება, რა თქმა უნდა, ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერი არ ხდება, - თქვა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სამმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართულ ოცნების" რიგები დატოვეს. მმართველი გუნდის ყოფილმა წევრებმა ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკი დააანონსეს.