ივანიშვილი და მისი გარემოცვა პუტინის სახელმძღვანელოს მიყვება - გიგა ბოკერია
"ოცნების" მზაკვრული ნარატივის უკან ოპოზიციაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კვალს ხედავს.
„ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ და ირიბად ეწევა დასავლური, თავისუფალი სამყაროს დემონიზებას“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
მისი თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა პუტინის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიყვება.
წლებია, ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ და ირიბად ეწევა დასავლური, თავისუფალი სამყაროს დემონიზებას. ივანიშვილი და მისი გარემოცვა პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს, თუ როგორ გვართმევენ ჩვენს იდენტობას, დასავლეთი რომ ჩვენი თვითმყოფადობის დანგრევას ნიშნავს და სხვა ათასგვარ ბოდვას.
ამას ამ ეტაპზე დაემატა კიდევ ერთი სლოგანი, რომ სისხლისღვრა და ომი არის დასავლეთის აგრესიის შედეგი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ამერიკა და დასავლეთი აძალებს ომში ჩართვას. პირდაპირ მიყვებიან პუტინის სახელმძღვანელოს". - ამბობს ბოკერია.
აშშ-ს ელჩის თქმით, ნარატივი, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს, "პირდაპირ ФСБ-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან ამოღებულს ჰგავს".